2014-11-26

საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”

26 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლა” გამართავს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი -  თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

საჯარო ლექციაზე ყურადღება გამახვილდება საქართველოში ბოლო დროს გააქტიურებულ სტიქიურ მოვლენებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა.

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.

საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენები: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპიების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა.შ.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. №11 (ქაშუეთის ეკლესიის გვერდით)

« იხ. ყველა ანონსი