2017-02-27

აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები

27 თებერვალს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“და აკაკი შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა, მათ შორის, აკაკი შანიძის პირველი დაბეჭდილი სტატია, რომელიც 1906 წელს გამოქვეყნდა გაზეთ ,,მუშაში", სახელწოდებით ,,რას ვუცადოთ". ასევე გამოფენილი იქნება ნაშრომები, რომელიც თავად აკაკი შანიძემ აჩუქა ბიბლიოთეკას, სამახსოვრო წარწერებით. ( პროგრამა)

აკაკი შანიძე იყო ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი პროფესურის წევრი; მან დაუდო სათავე  სამეცნიერო ხარისხის მოპოვების დაწყებას საქართველოში - 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა პირველი დისერტაცია: „სუბიექსტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რომელშიც ქართული ზმნის სტრუქტურა სისტემურად არის განხილული.  აკაკი შანიძემ მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა: იკვლევდა, ადარებდა,  ადგენდა, გამოსცემდა. აკაკი შანიძე 700-ზე მეტი  გამოცემის ავტორია; ფართო იყო მისი მოღვაწეობის სფერო: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, ფოლკლორისტიკა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთმცოდნეობა, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, უმწერლობო  ქართველური ენები, არმენისტიკა, ალბანური ენა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია







« იხ. ყველა ანონსი