2010-09-20

თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე ”ქართველ მეცნიერთა ფორუმი” გაიმართება

2010 წლის 20 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” 10:00სთ-ზე საზეიმოდ გაიხსნება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი, რომელიც 24 სექტემბრამდე გასტანს.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვას.

ფორუმის დანიშნულებაა  საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ჩვენი წარმატებული მეცნიერების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფორუმზე იმსჯელებენ მეცნიერების გლობალური პროგრესის კონტექსტში საქართველოს როლსა და მიზნებზე, ხოლო მომდევნო დღეები დაეთმობა მოწვეულ მეცნიერთა საჯარო ლექციებს საუნივერსიტეტო აუდიტორიებში.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ამ მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. მასში უცხოეთში მოღვაწე ის ქართველი მეცნიერები არიან ჩართულები, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს კვლევებში იღებენ მონაწილეობას.


საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ლექციები თსუ-ში
« იხ. ყველა ანონსი