2018-04-14

ქართული ენის კვირეული - დაჯილდოების ცერემონიალი

14 აპრილს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს. მასში მონაწილეობდა 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, სკოლებმა კი ჩაატარეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. საკონკურსო ჟიურის სკოლებმა განსახილველად გადასცეს მათ მიერ შერჩეული 125 ესე, რომელთაგანაც ჟიურიმ გამოავლინა 20 გამარჯვებული მოსწავლე.

გამარჯვებული მოსწავლეებისათვის დაწესებულია დამატებითი ჯილდოები და პრიზები, კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს საჩუქრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და თიბისი ბანკისგან.

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ესეები დაიბეჭდება კონკურსის კრებულში, რომელიც გამოიცემა 2018 წლის სექტემბერში ენების ევროპული დღის აღსანიშნავად.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

« იხ. ყველა ანონსი