2018-10-26
მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში გაიხსნება”
26 ოქტომბერს, 10:00 საათზე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოდგენილია 120-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.
პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები: „საქართველოს ეკონომიკური მოდელი:„სამომხმარებლო პარადოქსი“ და ”ტურისტული ხაფანგი” (ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი); „ეკონომიკური მდგომარეობა საფრანგეთსა და ევროკავშირში“ (ვერონიკა ფლამბარდი, ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი); „ინტელექტუალური საკუთრების მართვა გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კონტექსტში“ (ტატიანა სობოლევა, ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი); „ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამედროვე საჯარო მართვის ძირითადი გამოწვევები“ (იაცეკ სტროინი, რჟეშჩოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი); „საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები“ (იოსებ ხელაშვილი, თსუ-ის პროფესორი).
პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ,
14:00 საათზე, მუშაობა გაგრძელდება სექციებში, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში (უნივერსიტეტის ქუჩა N2). კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 14 სექცია.