2011-01-31

იურიდიული ფაკულტეტის 90 წლის და უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 31 იანვრიდან – 8 თებერვლის ჩათვლით ფაკულტეტის 90 წლის და უნივერსიტეტის  93 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულს აღნიშნავს. ღონისძიებების ციკლი 31 იანვარს იურისტი მეცნიერების ფოტო გამოფენით დაიწყება. გამოფენის პარალელურად გაიმართება ლადო  ჭანტურიას  წიგნის  პრეზენტაცია „კავკასიისა და ცენტრალური აზიის კერძო სამართალი“.

კვირეულის ფარგლებში 1 თებერვალს ორდღიანი სტუდენტური კონფერენცია გაიხსნება. 

3 თებერვალს თსუ–ის პროფესორების მიერ გერმანული სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდება, ამასთან ერთად პროექტის – „ნაფიცი მსაჯული“ პრეზენტაცია შედგება. პროექტმა – „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და ანალიზისთვის“ 2010 წლის დეკემბერში  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანია, გამოიკვლიოს და გამოავლინოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის დადებითი და უარყოფითი შედეგები.

4 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოჰაიოს შტატის სამხრეთ ოლქის მთავარი პროკურორი კარტერ სტიუარტი ესტუმრება. 11:00 საათზე დაგეგმილია პროფესორის ლექცია თემაზე „ამერიკელი პროკურორის როლი“.

კვირეულის მომდევნო ორი დღე წიგნების პრეზენტაციას დაეთმობა. ნუგზარ სურგულაძე იუსტინიანეს დიგესტების ქართულ თარგმანს წარმოადგენს, ხოლო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორმა გიორგი კახიანმა დაასრულა მუშაობა მონოგრაფიაზე სახელწოდებით „კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმები“, რომელსაც ავტორი  საზოგადოების წინაშე  7 თებერვალს წარადგენს.




« იხ. ყველა ანონსი