2011-11-14
ნიკო ცხვედაძის ძეგლის გახსნა
14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგისა და პუბლიცისტის ნიკო ცხვედაძის ძეგლი გაიხსნება.
ნიკო ცხვედაძის გარდაცვალების 100 წლისთავის აღსანიშნავად თსუ–ში კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფოიეში გაიხსნება ფოტოგამოფენა და გაიმართება ზურაბ გაიპარაშვილის წიგნის „საუკუნის ნიშანსვეტი“ პრეზენტაცია.
წიგნი უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა და მასში საარქივო–ისტორიულ ფოტოდოკუმენტებზე, აგრეთვე სხვადასხვა გამოკვლევაში, პრესაში, არქივებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით, მოთხრობილია იმ ადამიანთა ღვაწლის შესახებ, რომელთა ძალისხმევით აშენდა თსუ–ის პირველი კორპუსი.
გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი ნიკოლოზ ცხვედაძე მრავალი კულტურულ–საგანმანათლებლო წამოწყების ინიციატორი და მონაწილე იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა “თბილისის გუბერნიის ღარიბ მოწაფეთა შემწე სათავადაზნაურო საზოგადოებაში”. სწორედ ამ საზოგადოებამ 1879 წელს თბილისში დააარსა პირველი ქართული სკოლა, რომელიც 1899-1900 სასწავლო წლისთვის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიად ჩამოყალიბდა.
1897 წელს ნიკო ცხვედაძემ გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის აგების საკითხი წამოჭრა. ამ მიზნით, 1898 წელს ქალაქის განაპირას, ვარაზის ხევის გადაღმა, ვერაზე 6 ჰექტარი მიწა შეიძინეს. შენობის ასაგებად საჭირო თანხის შეგროვებასაც და მშენებლობასაც უშუალოდ ნიკო ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. ამ გრანდიოზულ შენობაში 1906 წელს დაიწყო ფუნქციონირება ქართულმა სათავადაზნაურო გიმნაზიამ, ხოლო 1918 წლის 26 იანვარს კი აქ პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ნიკო ცხვედაძე ვერ მოესწრო მის მიერ აგებულ შენობაში უნივერსიტეტის გახსნას, იგი 1911 წელს გარდაიცვალა.
ნიკო ცხვედაძის ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში ორი წლის წინ დიდუბის პანთეონიდან გადმოასვენეს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
« იხ. ყველა ანონსი