2011-02-08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 93 წლის იუბილეს აღნიშნავს

8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 93 წლის იუბილეს აღნიშნავს. 10:30 საათზე უნივერსიტეტში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ერთობლივი ფოტოგამოფენა “უნივერსიტეტი და წითელი ისტორია” გაიხსნება. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ექნება პირველად იხილოს გასული საუკუნის უნიკალური და უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალები, გაეცნოს თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლების დიდმა ნაწილმა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში. მათ შორისაა 1934 წლის უნივერსიტეტის პარტკომის აქტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ პროფესორების გიორგი ახვლედიანის და არნოლდ ჩიქობავას გარიცხვა უნივერსიტეტიდან  მხოლოდ იმიტომ ვერ მოხდა, რომ მათი შემცვლელი სათანადო “მარქსისტულ-ლენინური” კადრები არ მოიპოვებოდა. გამოფენა მოიცავს 30-იან წლებში რეპრესირებულ და გადასახლებულ სტუდენტთა წერილებს ივანე ჯავახიშვილისადმი, 1922 წლის ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ იცვლება უნივერსიტეტის შენობაზე აღმართული ჯვარი წითელი დროშით, სტუდენტები კი უნივერსიტეტის მეოთხე წლისთავს გლოვით აღნიშნავენ და ა.შ.

 გამოფენაზე ასევე იქნება წარმოდგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპრესირებული პროფესორების შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.

 უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ “საარქივო მოამბის” ახალი ნომერიც. მკითხველი პირველად გაეცნობა თუ როგორ და რატომ ათარგმნინა სტალინმა რუსულად “ვეფხისტყაოსანი” 1939-40 წლებში, რატომ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდეგ ქართულ ინტელიგენციაში, რა მექანიზმებით ხდებოდა ადამიანების ფიზიკურად და მორალურად განადგურება.

 უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის შალვა ნუცუბიძის მიერ “ვეფხისტყაოსნის” რუსულ ენაზე თარგმნის ისტორიასა და პოემის მსოფლმხევდელობის შესახებ მოგვითხრობს დოკუმენტური ფილმი “დატყვევებული გონი(ერი)”, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქმეების საფუძველზე შეიქმნა.

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მეცნიერები და ექსპერტები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი