2016-06-20

საერთაშორისო კონფერენცია დამოუკიდებელი, კვალიფიციური და ეთიკური ადვოკატის პროფესიისათვის

20 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული,  ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილავენ ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის დასასრულს შედგება ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მონაწილე ქვეყნებში.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთან (CCBE) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან  ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე(ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი