2016-06-07

საერთაშორისო კონფერენცია - ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები

7 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ანთიმოზ ივერიელი და ევროპული განმანათლებლობა: ტექსტები და კონტექსტები.“

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, რუმინეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს საპატრიარქოს და რუმინეთის უნივერსიტეტების  წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორები.

კონფერენციის მიზანია ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის როლისა და ადგილის განსაზღვრა თანამედროვე კულტურაში;  კონფერენციის ამოცანაა  საერთაშორისო კვლევის ფოკუსში მოაქციოს ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, რაც ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანთიმოზ ივერიელის  ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები; ასევე  მოეწყობა  ანთიმოზ ივერიელის შესახებ გამოქვეყნებული, ბიბლიოთეკაში დაცული პუბლიკაციებისა და წიგნების გამოფენა.

მისამართი: თსუ, I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, 107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი