2014-12-08

სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის ვიზიტი და მემორიალის გახსნა თსუ-ში

8  დეკემბერს 10.45  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თსუ I კორპუსის ეზოში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნიან. ღონისძიებას თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

მემორიალის გახსნის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე  თსუ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე დავით ბაქრაძე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების სამოქმედი გეგმის პრიორიტეტებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებს.

სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ავტორია იაკობ ნიკოლაძე. ნამუშევარი, რომელიც დიდმა ქართველმა ხელოვანმა 1908 წელს შექმნა, ბრინჯაოში მოქანდაკე გურამ ნიკოლაძემ ჩამოასხა .

უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის წინა ხაზზე იდგა ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე  და  ხშირად, სამწუხაროდ, მათი თავგანწირვა მსხვერპლითაც მთავრდებოდა.

მემორიალი ეძღვნება  ყველა უნივერსიტეტელის ხსოვნას, ვინც 1918 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისათვის.

მემორიალის აღმართვის იდეა უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლის განხორციელებას აქტიურად დაუჭირა მხარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის შიდა ეზო, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი