2015-10-21

„მთების ბალადა“

21 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ლიტერატურული სპექტაკლი „მთების ბალადა“, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის აღზრდილების, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ფუძემდებლების, ლეგენდარული მთამსვლელების, და-ძმა ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების ხსოვნას. სპექტაკლის რეჟისორია რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.

1923 წლის 28 აგვისტოსა და 3 სექტემბერს, თბილისის უნივერიტეტის პროფესორების გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ორი ასვლა მყინვარწვერზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ და საბჭოთა ალპინიზმს. 

პირველ ალპინისტურ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ  უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, შემდგომ სახელგანთქმული მეცნიერები და დიდი მამულიშვილები, შემდგომში უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი, აკადემიკოსი ლევან ყანჩაველი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ანდრია რაზმაძის, ნიკო მუსხელიშვილის, არჩილ ხარაძის მოწაფე, მსოფლიოში პირველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, მისი ძმები, გეოლოგი, ლოპოტის მარმარილოს საბადოს აღმომჩენი სიმონ ჯაფარიძე და ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი, ინჟინერი ჰიდრომშენებელი ალიოშა ჯაფარიძე, გეოლოგები დევი მიქელაძე, დავით წერეთელი, მათემატიკოსი შოთა მიქელაძე და სხვ., რომელთაც პირველებმა ჩაატარეს უნიკალური მეცნიერული კვლევები საქართველოს მაღალმთიანეთში, კავკასიონის მწვერვალებზე, სადაც მანამდე ჰეგემონია უცხოელებს ჰქონდათ.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტი და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

 



« იხ. ყველა ანონსი