2013-02-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის

22 თებერვალს, 11.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შემუშავებას; სტუდენტების სასწავლო შედეგების აღიარებას (კრედიტების გაცვლას); აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო დატვირთვის შეთავსებას; პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებას. მემორანდუმი, ასევე, ხელს შეუწყობს სტუდენტური თვითმმართველობების ორგანოების ერთობლივ საქმიანობას, ახალგაზრდების დაახლოებას, სტუდენტურ შეკრებებსა და სხვადასხვა სახის ბანაკებში ერთობლივ მონაწილეობას.  
ამასთან, მხარეები იზიარებენ ევროპული „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ სულისკვეთებას, ითვალისწინებენ ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპებისა და საქართველოში მიმდინარე განათლებისა და მეცნიერების შემდგომი რეფორმების განხორციელების აუცილებლობას; მხედველობაში იღებენ ახალი კვალიფიციური კადრების მომზადების, ქვეყნის შიგნით სტუდენტთა აკადემიური მობილობისა და სწრაფად ცვალებადი საგანმანათლებლო ბაზრის გამოწვევების შემთხვევაში ოპერატიულად ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობას.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი