2011-05-01

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სესია

1 მაისს, 17:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სესიის საზეიმო დახურვა გაიმართება. სესიაში თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 120–მდე სტუდენტი მიიღებს. ორი დღის განმავლობაში საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში ახალგაზრდები რეზოლუციებს შეიმუშავებენ, რომელთა პრეზენტაციაც სესიის დახურვისას მოხდება. ასევე დაგეგმილია გენერალურ ასამბლეაზე ევროპასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და დებატების გამართვა. მუშაობის აღნიშნული ფორმატი  ევროპარლამენტის სიმულაციას წარმოადგენს. 
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიები თვეში ორჯერ იმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსგავს ღონისძიებას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველი სესია თსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 2008 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტების გარდა კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოწაფეებმაც მიიღეს. სესიაზე შერჩეული საუკეთესო მონაწილეები შემდგომში ნაციონალურ შერჩევით კონფერენციაზე გამოვლენ, ხოლო კონფერენციის დასასრულს ყველაზე აქტიური წევრი საერთაშორისო სესიებში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.
სესიის საზეიმო დახურვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.

მის: 26 მაისის მოედანი N1, სასტუმრო ჰოლიდეი ინი
« იხ. ყველა ანონსი