2018-07-12
სტუდენტური კონკურსის “პლანეტა რიდმორი” დაჯილდოების ცერემონია
12 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამოვლინდება პროექტის სამი გამარჯვებული, რომლებსაც პარტნიორი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ სპეციალურ პრიზებს გადასცემს: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულად პრიზებს მიიღებენ. სამახსოვრო პრიზები პროექტის ათივე ფინალისტს გადაეცემა.
ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, გამომცემლობის დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი დაესწრებიან. დაჯილდოებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულია საკონკურსო წიგნებში შემავალი „გლდანი - შეუძლებელი რომანის“ ავტორი გურამ მაცხონაშვილი.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის აპრილში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები ყოველ კვირას პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდება, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც საერთო რეიტინგში დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად მესამე წელია ახორციელებენ. პროექტის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზებაა.
მისამართი:თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი:თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.