2015-11-11

საერთაშორისო კონგრესი - "ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები"

11 ნოემბერს, 10.00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი - "ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები" გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე,  ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

10-14 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს პირველ ქართველოლოგიურ კონგრესს ,,ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები", რომლის სტუმრები იქნებიან მეცნიერები მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან. კონგრესის მიზანია ქართველოლოგიაში მომუშავე ჩვენი მეგობარი უცხოური უნივერსიტეტებისა და ცენტრების მეცნიერთა ანგარიშებისა და პრობლემატიკის წარდგენა, არსებული პერსპექტივებისა და მიზნების განხილვა.

ქართველოლოგიურ კონგრესს გახსნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კონგრესის მონაწილეებს მიესალმება იდეის ავტორი და ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

კონფერენციაზე ცნობილი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს ქართველოლოგიის მიმართულებით, იმუშავებს ენათმეცნიერების, საქართველოს ისტორიისა და რელიგიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სექციები.

ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საპატრიარქო.

10 ნოემბერს კონგრესის მონაწილეებს შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

კონფერენცია იმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მესამე სართული, ბიბლიოთეკის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი