2017-02-10
დავით ლორთქიფანიძე თსუ-ში „წლის პირველ საჯარო ლექციას“ წაიკითხავს
10 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ.“ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ა.შ.შ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დღიდან მისი დაარსებისა (2004 წ.). მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია ჰომინიდების ევოლუციისა და ბუნებრივი გარემოს ისტორიის შესწავლასთან. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში Science Magzain, Nature, PNAS. დავით ლორთქიფანიძე დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და პრემიით, მათ შორის საქართველოს, გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდოებით, არის როლექსისა და ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი და სხვა.
საჯარო ლექცია ყოველწლიურად ტარდება. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია