2018-06-14
ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრა სამეცნიერო საზოგადოებასთან
14 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ორგანიზებით გაიმართება ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრა სამეცნიერო საზოგადოებასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ხორციელდება საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის (STI) პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility.
Policy Support Facility გულისხმობს დამოუკიდებელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ორი ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში და ვიზიტების ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის წარმომადგენლობასთან.
მსჯელობა მიმდინარეობდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება; მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება.
პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის (STI System) განვითარების მიზნით ევროკომისიის ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიშის და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენასა და გავრცელებას.
შეხვედრის სამუშაო ენა - ინგლისური.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი