2017-02-13

ნიკოლას ნიუჯენტის საჯარო ლექცია "მიზანმიმართული სიცრუე ანუ “ფეიკი” ხარისხიანი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ"

13 თებერვალს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში BBC-ს რედაქტორი და ჟურნალისტი ნიკოლას ნიუჯენტი სტუდენტებს საჯარო ლექციას "მიზანმიმართული სიცრუე ანუ “ფეიკი” ხარისხიანი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ" წაუკითხავს. ლექციის თემატიკა ყალბი ახალი ამბების გავრცელებასთან ბრძოლას ეხება.

ნიკოლას ნიუჯენტი ტელეჟურნალისტი, ტრენერი და კონსულტანტია. მას დიდი გამოცდილება აქვს კონფლიქტების გაშუქებასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ასევე ნიუსრუმის მართვაში. ნიუჯენტი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიაში BBC, და აზიის ქვეყნებს აშუქებდა, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა BBC-ს მსოფლიო საკორესპონდენტო ქსელს. ნიკოლას ნიუჯენტს გამოცემული აქვს წიგნები ინდოეთის, ვიეტნამის და მიანმარის შესახებ. როგორც ტრენერი, ნიუჯენტი მუშაობდა ავღანეთის, სომალის, ბალკანეთის ქვეყნების, ინდონეზიის, კავკასიის ჟურნალისტურ ორგანიზაციებთან. საქართველოში, ნიკოლას ნიუჯენტი მრავალჯერ არის ნამყოფი, მათ შორის როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია მაესტროს, სათემო რადიოების ტრენერ-კონსულტანტი.

შეხვედრა ტარდება კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”ფარგლებში. კონკურსი 2012 წელს დაარსდა, და მიზნად ისახავს პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდვით, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლომისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი