2016-03-30

ერეკლე ტატიშვილის ხსოვნის საღამო თსუ-ში

30 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ-ის უცხო ენათა კათედრის დამაარსებლის, პროფესორის, ცნობილი ესეისტის, მთარგმნელისა და პოლიტიკური მოღვაწის ერეკლე ტატიშვილის გარდაცვალებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. ღონიძიებაზე ნაჩვენები იქნება ერეკლე ტატიშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის - , ,კაცი – ფასკუნჯი” (ავტორი: თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია) ჩვენება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ-ის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები, ერეკლე ტატიშვილის ნათესავები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.

ერეკლე ტატიშვილს საზოგადოებაში უმთავრესად იცნობენ როგორც ევროპული ენებისა და ლიტერატურის შესანიშნავ მცოდნეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის კათედრის დამაარსებელს. მას ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ იურისტთა კადრების მომზადების საქმეშიც. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა საერთაშორისო სამართალს, აღმოსავლეთის ქვეყნების დიპლომატიის ისტორიას... თუმცა, ერეკლე ტატიშვილმა უნივერსიტეტში ევროპული ენებისა და ლიტერატურის სწავლების სასურველ დონეზე დაყენებას, ამ დარგის სპეციალისტთა მომზადების საქმეს და, საერთოდ, ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეს უფრო დიდი ამაგი დასდო.  ამდენად, ამ დარგში მისი მოღვაწეობაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი