2010-06-08

თსუ-ში სერგი ჭილაიას წიგნის "ეკატერინე ჭავჭავაძე" პრეზენტაცია გაიმართება

8 ივნისს, 16 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგი ჭილაიას რომანი-ქრონიკის "ეკატერინე ჭავჭავაძის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სერგი ჭილაიას მოწაფეები, თსუ-ს რექტორატი, უახლესი ქართული ლიტერატურის პროფესორები.

წიგნი რუსუდან ნიშნიანიძის რედაქტორობით გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა. მასში თანმიმდერვულად არის აღწერილი ეკატერინეს ურთიერთობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მეთაურებთან ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან; ეკატერინესა და ტატოს უიღბლო სიყვარული, ეკატერინეს ქორწინება სამეგრელოს უკანასკნელ მთავარ დავით დადიანზე, მისი ცხოვრება სამეგრელოში, პეტერბურგსა და პარიზში.

სერგი ჭილაია დაიბადა მარტვილში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1931 წელს შევიდა თსუ-ში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1939 წელს დაამთავრა ასპირანტურა. 1940 წელს მოიპოვა ფილოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1929-31 წ. მუშაობდა პედაგოგად ჯერ საინგილოში (სოფელ კახში), შემდეგ თიანეთის რაიონში (სოფელ სიმონიანთ-ხევში). 1937-42 ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად. 1942 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1951 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1938 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა და მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ.

მის.: თსუ-ის მეორე კორპუსი, მე-2 სართული; იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი