2018-12-17

შეხვედრა ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა ცნობილ ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრთან თეუჩეჟ ყატთან შეხვედრა გამართა.

„ჩვენ ვმასპინძლობთ მხატვარს და საზოგადო მოღვაწეს, რომლის როლი საქართველოსა და კავკასიის დანარჩენი სუბიექტების ურთიერთობაში განსაკუთრებულია და შეუფასებელია. ის საქართველოს მიერაა აღზრდილი. მისი შემოქმედება ეძღვნება ქართული ლიტერატურის მხატვრული ასპექტების წარმოდგენას. ქართველი ავტორებიც მისი ნახატების ძირითადი თემატიკაა,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ცირა ბარამიძემ.

თეუჩეჟ ყატის შემოქმედება ქართულ-კავკასიურ თემატიკას ასახავს. თსუ პროფესორებთან, სტუდენტებთან და დაინტერესებულ სტუმრებთან შეხვედრაზე თეუჩეჟ ყატმა საკუთარი წიგნებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა.

„1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვსტუმრობ. ჩემი თანამემამულეები და მეგობრები აქ სწვლობდნენ. წლების წინ გავიცანი ქალბატონი ცირა ბარამიძეც, მასთან ერთად მოვიარე შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული სვანეთის უმაღლესი მწვერვალები. მთელი საქართველოს მასშტაბით ვიმოგზაურე. სამხატვრო აკადემიაში 5 წელი ვისწავლე, სერგო ქობულაძის შემოქმედებას კარგად ვიცნობდი და ვფიქრობ,რომ მისი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები მსოფლიო დონისაა,“ - აღნიშნა თეუჩეჟ ყატმა.

ჩერქეზი მხატვრისა და მწერლის თეუჩეჟ ყატის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16 – 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით იმართება.


Print

« იხ. ყველა სიახლე