2018-05-22
სახელმძღვანელოს - „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრედ რ. დევიდისა და ფორესტ რ. დევიდის სახელმძღვანელოს - „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი თსუ გამომცემლობის მიერ გამოიცა. თარგმანი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. პროექტი წარადგინა თსუ პროფესორმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.
პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე
ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი
გიორგი ღაღანიძე, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოადგილის
ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, სახელმძღვანელო ძალიან დიდი შენაძენია საზოგადოებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ეს წიგნი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო იქნება. მე ვფიქრობ, ამით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა სერიოზული განაცხადი გააკეთა სწავლის ხარისხის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანისთვის,“ - აღნიშნა თსუ პრორექტორმა.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
გიორგი ღაღანიძის თქმით, სახელმძღვანელო „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ გლობალური გამოცემაა.
„ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან ამერიკისა და დასავლეთ ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენც სწორედ ეს მიზანი გვქონდა - სტრატეგიულ მენეჯმენტში ყველაზე თანამედროვე სახელმძღვანელო გვეთარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწორედ ასეთ სახელმძღვანელოზე ჰქონოდათ წვდომა,“ -აღნიშნა დეკანმა.
სახელმძღვანელოს ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი შალვა მაჭავარიანი. მთარგმნელობითი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თსუ-ის პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და სეუ-ის პროფესორი გელა გრიგოლაშვილი.
წიგნის ავტორები არიან მამა-შვილი ფრედ. რ და ფორესტ. რ. დევიდები. მათ გამოქვეყნებული აქვთ 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მსოფლიოს საუკეთესო გამოცემებში.
სახელმძღვანელო სტუდენტებს, მკვლევრებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს დაეხმარება შეისწავლონ და გაეცნონ ნებისმიერი ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოაყალიბების, განხორციელებისა და შეფასების თანამედროვე პრინციპებს და ტენდენციებს.
« იხ. ყველა სიახლე