2010-04-23
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა საერთაშორისო იურიდიულ ასპარეზში წარმატება მოიპოვა. თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 252 გუნდს შორის 32–ე ადგილი დაიკავა.
22 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. გუნდის წევრებს სამართლის მიმართულების პროფესორი ლევან ალექსიძე და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული შეხვდნენ.
თსუ–ს გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც დავით ჩიტაშვილი, მარიამ ასანიშვილი, მაია მიშველაძე და შალვა ჯაფარიძე შედიოდნენ 21 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით ქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ. შეჯიბრი ვილემ ს. ვის სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში და ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებულ სასამართლოს პროცესში საერთაშორისო საჯარო სამართალში გაიმართა.
ვილემ ს. ვის სახელობის იმიტირებული პროცესი გამორჩეული, აღიარებული და საყოველთაოდ ცნობილი ღონისძიებაა, სადაც ერთდროულად მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები და მოქმედი არბიტრები იკრიბებიან, რათა თავიანთი გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიარონ. იმიტირებული პროცესის ზეპირი ნაწილი ყოველ წელს ქალაქ ვენაში (ავსტრია), ვენის უნივერსიტეტში ტარდება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან იურიდიული ფაკულტეტებისა და სამართლის სკოლების წარმომადგენლები იღებენ.
ფილიპ ჯესაპის იმიტირებული პროცესი წარმოადგენს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პროცესის იმიტაციას, რომელშიც 80-მდე ქვეყნიდან 500-ზე მეტი იურიდიული ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე