ახალი სახეები... ახალი სახელები... შენი ხელწერა...
შენი აღმოჩენის დროა!..
24 ოქტომბერს იყალთოს სამონასტრო კონმპლექსში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კომპანია „ჯეოსელმა“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტის მეორე ეტაპი განახორციელა. სტუდენტური იმპროვიზაციული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა. ამასთან ერთად, ლიტერატურული კონკურსი ქართული კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას ემსახურება. იყალთოს სამონასტრო კომპლექსი ამჟამად რესტავრაციის პროცესშია, კომპანია ჯეოსელი საუკუნის პროექტს უკვე წელიწადნახევარია ახორციელებს. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი დაწესდა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ლიტერატურულ ასპარეზზე თავის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
სტუდენტურმა ლიტერატურულმა კონკურსმა სტარტი 1 ოქტომბერს აიღო და ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. შიდაშესარჩევ ტურში უნივერსიტეტის ჟიურიმ 86 კანდიდატს შორის 20 საუკეთესო შეარჩია. სამ საუკეთესოს კონკურსის სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი ლიტერატორებითა და მწერლებით არის
დაკომპლექტებული. იყალთოში კონკურსის მსვლელობას აღნიშნული ჟიურის სამი წევრი პუბლიცისტი ლაშა ბაქარაძე, მწერლები დავით ტურაშვილი და როსტომ ჩხეიძე აკვირდებოდნენ.
კონკურსის მონაწილეები კახეთში 23 ოქტომბერს გაემგზავრნენ. კონკურსის დაწყებამდე მონაწილეთათვის ჟიურის წევრებმა ლიტერატურული საღამოც გამართეს, რომელზეც არჩეული თემა განიხილეს და სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს. შერჩეული კანდიდატებისთვის ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრა თემა - შეხვედრა, რომლის მიხედვითაც 20 კონკურსანტმა 6 საათის განმავლობაში იმპროვიზაციული ნაწარმოები შექმნა.
კონკურსის გამარჯვებული ნოემბრის შუა რიცხვებში დასახელდება. გამარჯვებულ სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემა. I ადგილის მფლობელი 1000 ლარს, II – 700 ლარს, ხოლო III ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. გამარჯვებულ მონაწილეებს კომპანია ჯეოსელიც დაასაჩუქრებს.
ლიტერატურული კონკურსი თბილისის მერიის მხარდამჭერით ხორციელდება. თბილისის მერიამ კონკურსანტების ტრანსპორტირება უზრუნველყო, გარდა ამისა მერიის წარმომადგენელი კონკურსის დასასრულს თავის სიმპატიას აირჩევს და სპეციალურ პრიზს გადასცემს.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვების საღამოზე დასახელდებიან. საზეიმო ღონისძიებაზე საუკეთესო ხუთი ნაშრომისგან შემდგარი ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართება.