14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე მაგისტრებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, თსუ ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს.
თსუ რექტორმა კურსდამთავრებულებს მაგისტრის წოდების მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება.
„როგორი კარგი კარიერული წინსვლაც არ უნდა გქონდთ, გახსოვდეთ, რომ დედა უნივერსიტეტი შეუცვლელი დარჩება. ერთი რამ იცოდეთ, უნივერსიტეტის კარი ყველასთვის ყოველთვის ღიაა და პირველ რიგში თქვენთვის. გახსოვდეთ თქვენი პროფესორები, გახსოვდეთ, რომ მათ ყოველთვის გაუხარდებათ თქვენთან კონტაქტი. თქვენს წარმატებას ისინი საკუთარ წარმატებად ჩათვლიან. გაგვიხარდება თუ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტთ, რადგან სწორედ დოქტორანტები ქმნიან იმ არმიას, რომელიც არის ჩვენი შემცვლელი, თქვენი დღევანდელი პროფესორების შემცვლელი. მინდა იყოთ წარმატებულები და დღევანდელი დღე, 2014 წლის 14 სექტემბერი დაგამახსოვრდეთ, როგორც ერთი მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში. დღე იმისა, რომ გეთქვათ არა მშვიდობის, არამედ ნახვამდის უნივერსიტეტო! იმისთვის, რომ თქვენ კვლავ მოხვიდეთ სხვადასხვა რანგში, სხვადასხვა შესაძლებლობით და თქვენი წვლილი შეიტანოთ უნივერსიტეტის განვითარებაში.“ - აღნიშნა
ვლადიმერ პაპავამ.
„ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ახალ სასწავლო წელს იწყებს და სიმბოლურია, რომ მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოშვების ღონისძიება სწორედ დღეს შედგა. თაობები იცვლება, მაგრამ უნივერსიტეტი უცვლელად დგას და ყოველთვის მზად არის ახალგაზრდებს მისცეს განათლება და დაეხმაროს მათ წინსვლაში.“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა
ნუგზარ ჩიტაიამ.
მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს ყველაზე რეიტინგულმა კურსდამთავრებულმა
ნანა შეკიშვილმა მიულოცა. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს განათლებაში შეიტანა წვლილი. მინდა ვუთხრა მომავალ თაობებს - გააკეთეთ არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, გახდით მისი ნაწილი და იარეთ ჩვენთან ერთად!“
2014 წელს თსუ-ს 84 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა 550-მა სტუდენტმა დაამთავრა.