2010-03-13
ის რაც აქტუალურია ევროპაში, აქტუალურია ჩვენთანაც, ვინაიდან ჩვენ თამამად ვართ ევროპის ნაწილი!
“ELSA”
მწვანე მომავლისთვის! – ამ დევიზით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალი პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტის მიზანია საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება, საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და იურისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტი “გარემოს დაცვის სამართალი” აღნიშნულ სფეროში სამართლის სკოლის გავლას და გარემოს დაცვის სამართლის თემაზე კონფერენციის ჩატარებას გულისხმობს. პროექტი საქართველოს რეგიონებს მოიცავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად პროექტში ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთვებიან. მონაწილეები გარემოს დაცვის სამართალში 2 კვირიან სკოლას გაივლიან და პროფესიონალი იურისტების ლექციებს მოისმენენ. ამასთან ერთად სტუდენტები გარემოს დაცვის სამართლის თემაზე კონფერენციას გამართავენ და საზოგადოების წინაშე თავიანთ თემებს წარმოადგენენ.
“როდესაც შენ მკურნალობ დედამიწას, შენ მკურნალობ საკუთარ თავს”, - აღნიშნეს პრეზენტაციაზე პროექტის ორგანიზატორებმა და პარტნიორი ორგანიზაციები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
გიორგი ხაჩიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი
გიორგი ხუბუა დაესწრნენ. გარემოს დაცვის მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა მათთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და ბუნების გაფრთხილებას გულისხმობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე