2010-04-14
14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც სხვა ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილი იყო 1978 წლის აპრილში ქართული ენის დასაცავად გამართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა კრების ოქმი. კრებას ხელმძღვანელობდა ვასილ მაღლაფერიძე, კრების მდივანი კი, თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამჟამინდელი დეკანი დარეჯან თვალთვაძე იყო.
ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: „ქართული სალიტერატურო ენის ისტორია და დღევანდელობა. აქტუალური პრობლემები“. კონფერენციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და 1978 წლის მოვლენების უშუალო მონაწილემ ნოდარ გრიგალშვილმა მიმართეს.
დედა ენის დღეს თსუ–ში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. დედა ენის შესახებ საუკეთესო ლექსისა და მოთხრობის ავტორის გამოსავლენი კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტის ბოლოს გამოცხადდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე