ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-19

მუზეუმების საერთაშორისო დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის  თანამშრომლობით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიებაზე ,,ღამე მუზეუმში” ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები ახალი ექსპოზიციით დახვდა სტუმრებს.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების პრეზენტაციები გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, შიო არაგვისპირელის მუზეუმების დაარსების ისტორიის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პოეზიის საღამო და ვიქტორინა. ლექსებს კითხულობდნენ თსუ სტუდენტები, ყოფილი უნივერსიტეტელები და საკუთარი პოეზიის წარმოდგენის ახალგაზრდა მსურველები.

საღამო გახსნა პროექტის ავტორმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან ნიშნიანიძემ. ,,ჩვენ ისტორიულ, გამორჩეულ ადგილას ვართ, არა იმიტომ, რომ ეს ყოფილი მეფისნაცვლის, ბარიატინსკის სასახლეა. ესეც მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, მაგრამ გაცილებით ძვირფასია ის, რაც ამ კედლების იქით ინახება: დიდი ილიას, ვაჟას, აკაკის, გალაკტიონის, კონსტანტინეს, მიხეილ ჯავახიშვილის, გერონტი ქიქოძის და სხვათა ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, მათი უჩვეულო ფოტოები.”

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ სენატის სპიკერმა, პროფესორმა კახაბერ ლორიამ: ,,ძალიან სასიამოვნოა ამ სივრცეში ქართული ფილოლოგიის სტუდენტების, მაგისტრების, დოქტორანტის, დასავლეთ ევროპის მიმართულების მაგისტრების ასეთი მონდომება. ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი ტრადიცია მათ ბევრს ავალდებულებს. ეს მათგან ითხოვს განათლებას, ცოდნას, დაკვირვებულ თვალს.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ გ.ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე, ხელნაწერთა განყოფილებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები, მუზეუმის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები.

Print

« იხ. ყველა სიახლე