ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-18

გივი გაჩეჩილაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მთარგმნელის, პოეტისა და მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურების  შეხვედრის ადგილი.“ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „პროფესორმა გივი გაჩეჩილაძემ პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა მთარგმნელობით სკოლას, რომელიც მნიშვნელოვანია  ჩვენი უნივერსიტეტისათვის და საერთოდ ქართული კულტურისათვის. მას ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი თარგმანი, რითიც  მან გაამდიდრა ქართული კულტურა. მან გამოსცა არაერთი წიგნი, მათ შორის, სახელმძღვანელოები , რომლებიც დღესაც გამოიყენება სტუდენტებისთვის. “
„საქართველოში მხატვრული თარგმანი  დიდი ხნის წინ ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი კულტურის განვითარებაში.  არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ყველგან თარგმანი იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ კონტაქტი გაუმჯობესებულიყო ადამიანებს შორის, ხდებოდა კულტურის დიფუზია. მხატვრულ თარგმანს აქვს ბევრი სპეციფიკა და მათ შორის აქვს თეორიაც და ეს თეორია თავის დროზე დაამუშავა გივი გაჩეჩილაძემ. დღევანდელ კონფერენციაზე ჩამოსულები არიან უცხოელებიც, რომელთაც ინტერესი გამოხატესეს ამ ღონისძიების მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია წარმატებული იქნება და შემდგომში შეუწყობს ხელს ქართული კულტურის განვითარებას და გავრცელებას,“-აღნიშნა თსუ პროფესორმა,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში რევაზ გაჩეჩილაძემ.
კონფერენციაზე უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა  წაიკითხეს მოხსენებები თარგმანის სოციოკულტურულ, ეთნოლინგვისტურ და ფსიქოლინგვისტურ ასპექტებზე, კულტურათაშორის კომუნიკაციასა და კულტურათა დიალოგზე, ეკვივალენტობის პრობლემაზე თარგმანსა და ორენოვან ლექსიკოგრაფიაში, მხატვრულ თარგმანზე თანამედროვე მსოფლიოში და მისი განვითარების პერსპექტივებზე, თარგმანის ტრადიციასა და თეორიაზე.
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმში მოეწყობა ფოტო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება გივი გაჩეჩეჩილაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები, ხელნაწერები, თარგმანები, გამოკვლევები, მემორიალური ნივთები.  თსუ სააქტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელზეც ნაჩვენები იქნება გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი „თავშესაფარი - პოეტური თარგმანი“ (ავტორი ნინო კაკულია).
გივი გაჩეჩილაძის ცხოვრება უკავშირდებოდა როგორც სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასევე მთარგმნელობით საქმიანობას. იგი სხვადასხვა დროს იყო თსუ-ს პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის სექციას.  მან თარგმნა შექსპირის სონეტი და პიესები. ასევე ბრიტანელი, ამერიკელი, რომაელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი პოეტების ნაწარმოებები. საეტაპო მნიშვნელობისაა 1959 წელს გამოცემული მისი მონოგრაფია „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“.
გივი გაჩეჩილაძის ნაშრომები ქვეყნდებოდა რუსეთში, იბეჭდებოდა მოსკოვსა და საზღვარგარეთ. მისმა მხატვრული თარგმანის თეორიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამეცნიერო სამყაროში და ბევრი სპეციალისტის მოწონება დაიმსახურა. მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1960 წელს შეიქმნა მხატვრული თარგმანის სპეციალობა.
კონფერენცია 19 სექტემბერს დასრულდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე