2014-12-08

სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის ვიზიტი და მემორიალის გახსნა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ  უნივერსიტეტის ეზოში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს. ღონისძიებას ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
მემორიალის გახსნის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თსუ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმებისა და ნატოსთან წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების საკითხებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოს დამოუკიდებლობა გადის მის დასავლურ ორიენტაციაზე. ქართველი ხალხის არაერთი თაობა ოცნებობდა იმაზე, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ინიციატივით გაიხსნა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი - ილიას საფლავზე არსებული ბარელიეფის „მწუხარე საქართველოს“ ერთ-ერთი ვარიანტი. სიმბოლურია, რომ მემორიალის გახსნას დაესწრო  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მემორიალის გახსნა არის პატივის მიგება ჩვენს წარსულზე, ხოლო სტუდენტებთან შეხვედრა და  საჯარო ლექცია - იმის განჭვრეტა, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.“
„უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი ევროპული არჩევნისთვის ბრძოლის ავანგარდში. უნივერსიტეტს ამ მიზნისთვის  მნიშვნელოვანი მსხვერპლი აქვს გაღებული. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ბრძოლა გამარჯვების ნიშნულთან ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე მივა,"- აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ავტორია იაკობ ნიკოლაძე. ნამუშევარი, რომელიც დიდმა ქართველმა ხელოვანმა 1908 წელს შექმნა, ბრინჯაოში ჩამოასხა მოქანდაკე გურამ ნიკოლაძემ.
მემორიალი ეძღვნება  ყველა უნივერსიტეტელის ხსოვნას, ვინც 1918 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისათვის.
მემორიალის აღმართვის იდეა უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლის განხორციელებას აქტიურად დაუჭირა მხარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე