ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-11

გამოფენაზე „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” თსუ მეცნიერთა გამოგონებებს წარმოადგენს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ თსუ მეცნიერ-მკვლევართა გამოგონებები და ინოვაციები წარმოადგინა. გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და  ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 10 ივლისს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს აკადემიური წრეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, უცხოელ ექსპერტებს.
თსუ მეცნიერ-მკვლევრებმა გამოფენაზე უახლესი გამოგონებები წარმოადგინეს. მათ შორის: დაბალი სიმკვრივის ბიოჩიპი, რომელიც სამედიცინო დიაგნოსტიკაში, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დიაგნოსტიკაში, ბიოტერორიზმის პრევენციისთვის, გენების ექსპრესიის შესწავლაში გამოიყენება; ახალი ტიპის ოპტიკური კონცენტრატორი - მზის ბატარეა, რომლის ეფექტურობა მსოფლიო მასშტაბის პიკურ მიღწევაზე მაღალია; მაღალეფექტური ლუმინოფორის მიღების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც 1 მკმ-ზე ნაკლები სისქის ბზარების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; პოლიმერული საფარების შემუშავება ციტრუსების ხანგრძლივად შესანახად; გეორადარი, რომელიც არქეოლოგიაში, 10-20 მეტრის სიღრმეში არსებული საკვლევი ობიექტების ზუსტ მდებარეობას განსაზღვრავს; ტექნოლოგია და მოწყობილობა საწვავი ბრიკეტების დასამზადებლად;  ხელოვნური გულ-ფილტვის ახალი აპარატი და სხვა. 
გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს საშუალება მიეცემათ ბიზნესის წარმომადგენლებს და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ინოვაცია თუ გამოგონების ეფექტური მოდელი.  ასევე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები, სადაც განხილული იქნება ინოვაციების კომერციალიზაციის თანამედროვე ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიების ტრანსფერის სტრატეგიული საკითხები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციასა და მის გავლენაზე მეწარმეობასა და ინდუსტრიაზე. ღონისძიების პირველ დღეს მეცნიერებმა და გამომგონებლებმა ბიზნესის წინაშე  საკუთარი პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ინოვაციების და  ტექნოლოგიების გამოფენის პარალელურად „ექსპოჯორჯია“ ბიზნესის განვითარების გამოფენა-კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე, რომელზეც მიწვეული იყვნენ  ფინანსური სექტორის, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების, სადაზღვევო კომპანიების, უცხოური ბიზნესსექტორის, საერთაშორისო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკონომიკა: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები.“


Print

« იხ. ყველა სიახლე