2013-12-09

ჩინეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინმა  97 დასახელების 450 წიგნი გადასცა საჩუქრად. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის (იაპონისტიკა, სინოლოგია) სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თსუ რექტორმა ჩინეთის ელჩს უნივერსიტეტის მედალი გადასცა. ღონისძიებაზე ჩინეთის ელჩს თსუ ბიბლიოთეკაში დაცული, 1813 წელს პარიზში გამოცემული ფრანგულ-ჩინურ-ლათინური ლექსიკონი წარუდგინეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ელჩმა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი შეავსო ახალი წიგნებით, რომელიც ჩინეთის კულტურას, ისტორიას, ეკონომიკას, ენას ეძღვნება. დიდ ჩინეთსა და მცირე საქართველოს შორის წარმატებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. იმედია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.“
ჩინეთის ელჩმა იუე ბინმა ღონისძიებაზე ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ჩინური ენისა და ეკონომიკის ბუმზე მსოფლიოში, განათლების სფეროში არსებულ წარმატებებზე. „ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ათამდე სტიპენდიას აწესებს. შარშან ჩინეთიდან 15 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა საქართველოში, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩინურ ენას ასწავლიან. თსუ-ს, რომელიც კავკასიის რეგიონში უძველესი და მაღალი დონის უნივერსიტეტია და ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელს - პეკინის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე უნივერსიტეტი წარმატებულ ახალგაზრდებს აღზრდის, რომლებიც ჩინეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებენ და განავითარებენ“,- აღნიშნა იუე ბინმა.
ჩინურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ სტუდენტებს დაეხმარება ჩინური ენისა და კულტურის შესწავლაში, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს რეგიონის შესახებ ცოდნის არეალის გაფართოებაში.
შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“(იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულება (ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გელაშვილი) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა არა ერთი გაცვლითი პროგრამა. მიმართულების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირება ჩინეთის უნივერსიტეტებში. საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი თსუ-ში ჩინურ ენას ასწავლის ჩინელი მოხალისე პედაგოგი.

Print

« იხ. ყველა სიახლე