2014-05-06

თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა

იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენა გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უიშვიათესი გამოცემები. მათ შორის, ინკუნაბულა, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი წიგნი დასტამბული 1484 წელს გერმანიის ქალაქ ლუბეკში; 1526 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი წიგნი, ცნობილი ჰოლანდიელი ჰუმანისტის ერაზმ როტერდამელის საუბრები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - 1629 წელს რომში დასტამბული „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“; საქართველოში დაბეჭდილი  პირველი წიგნი - 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დასტამბული სახარება; 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“; პირველი ქართული ჟურნალი - 1852 წელს გამოცემული „ცისკარი“;  მე-19 საუკუნის დასაწყისში თბილისის, ქუთაისისა და საჩხერის სტამბებში დაბეჭდილი საერო და საეკლესიო ხასიათის წიგნები; ხელნაწერი მინიატურული წიგნი „დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა,“ 1739 წელს მოსკოვში, ბაქარ ბატონიშვილის სტამბაში გამოცემული სახარება და სხვა.
თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, „თსუ ბიბლიოთეკა როგორც წიგნადი ფონდის რაოდენობით, ასევე შინაარსობრივი მრავალფეროვნებით ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია კავკასიაში. გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ უმცირესი ნაწილი იმ საუნჯისა, რომელიც საცავებშია განთავსებული. ამის გამო, ბიბლიოთეკაში შეიქმნა ახალი - იშვიათი გამოცემების განყოფილება (წიგნის მუზეუმი), რომლის მიზანია შეისწავლოს და პერიოდულად გამოფინოს ფონდებში დაცული უნიკალური გამოცემები.“
იშვიათი გამოცემებისა და რესტავრირებული წიგნების გამოფენით თსუ ბიბლიოთეკა შეუერთდა ,,საბიბლიოთეკო კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. გამოფენა ერთ თვეს გასტანს.


    

Print

« იხ. ყველა სიახლე