ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-03

კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორნელის უნივერსიტეტის  (აშშ) სტუდენტთა ჯგუფი ეწვია. შეხვედრას თსუ  სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. 
დელეგაციის მიზანია შექმნას გლობალური მდგრად მომწოდებელთა ქსელის ზუსტი (გაზომვადი) საოპერაციო სტანდარტი. საქართველო პირველი  ქვეყანაა, რომელიც ჩაერთო ამ მიმართულებით კვლევაში. მომავალში დაგეგმილია წინანდალში კორნელის ბიზნეს კოლეჯის სტუდენტთა კვლევითი ცენტრის გახსნა, რომელის მხარდაჭერიც „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად კომპანია „სილქნეტი“ იქნება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისკუსია საქართველოში ადამიანის უფლებებს, გამჭვირვალე და მდგრადი ბიზნესის წარმოებას, მომწოდებელთა ქსელსა  და შრომით პირობებს შეეხო.   
„კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის  მიზანია, საქართველოს მაგალითზე შეისწავლონ ადამიანების უფლებები დასაქმების კუთხით, როგორია მომწოდებელთა ქსელი აგებული, რამდენად სანდოა და გამჭვირვალე მდგრადი განვითარების პროცესები საქართველოში. მათ კონკრეტულად აინტერესებთ, ის თუ, როგორაა ეს  პროცესი ასახული  ღვინის ინდუსტრიაში. სტუდენტების ინტერესის ერთ-ერთი საგანია საგანმანათლებლო სექტორი და  სწორედ ამ მიზნით, დღეს  კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ, არაჩვეულებრივი, საკმაოდ ინფორმატიული და სასარგებლო შეხვედრა იყო. ამისთვის დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,“ - აღნიშნა კომპანია „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლიკა მეტრეველმა.
კორნელის ბიზნეს კოლეჯის სტუდენტების თქმით, თსუ სტუდენტებთან გამართული დისკუსია მათ კვლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ისინი მომავალში თსუ სტუდენტებთან თანამშრომლობას გეგმავენ.
„დღეს შევხვდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, გავეცანით სტუდენტების მოსაზრებებს ქართულ ეკონომიკასა  და მის პერსპექტივებზე, არსებულ პრობლემებზე.  დისკუსიის დროს ბევრი განსხვავებული აზრი წამოიჭრა, რამაც უფრო საინტერესო გახადა ჩვენი შეხვედრა. მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და  სტუდენტებს, ჩვენ გავცვალეთ კონტაქტები და მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ,“ - ამბობს მაიკ კოვალსკი, კორნელის ბიზნეს კოლეჯის სტუდენტი.
ვიზიტის ფარგლებში კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, კერძო კომპანიებსა და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე