2009-10-22

დასაქმების ფორუმი

21 ოქტომბერს “საქართველოს საკარიერო სერვისმა” დასაქმების ფორუმი გამართა. საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დასაქმების მსურველები წარსდგნენ. დამსაქმებლებს თავიანთი კანდიდატურები წარუდგენეს საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც განათლება უცხოეთში მიიღეს და სურთ პროფესიული საქმიანობა თავიანთ ქვეყანაში განაგრძონ.
“საქართველოს საკარიერო სერვისი” (CSG) “სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამის ფარგლებში” (PRF) თავის საქმიანობას 2007 წლის ივლისიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების სამშობლოში დაბრუნებას და მათ დასაქმებას, საქართველოს და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და კავშირების გაღრმავებას. პროგრამა თავის აპლიკანტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვალიფიკაციის ამაღლების, ფინანსურიDდა ტექნიკური დახმარების შესაძლებლობებს.
დასაქმების ფორუმი AGEF-ს ვიცე-დირექტორმა, დოქტორ კარინ ლუტცემ და თსუ-ის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნეს. ფორუმზე პროგრამის აპლიკანტთთა პრეზენტაციებიც მოეწყო.
ფორუმში მონაწილე დამსაქმებლებმა შერატონ მეტეხი პალასში თავიანთი სტენდები წარმოადგინეს. აპლიკანტებს რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურამ და კერძო კომპანიებმა თავიანთი საქმიანობა გააცნეს და მათი განაცხადები მიიღეს.
ფორუმის დასასრულს გერმანელ ექსპერტებთან და პროგრამის აპლიკანტებთან ალუმნი-შეხვედრაც მოეწყო, რომელსაც მონაწილე დამსაქმებლებიც დაესწრნენ.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა გერმანიის საელჩოს და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღეს. ფორუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე