ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-01

თსუ–ში ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის სკოლა აღდგება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
2014 წლის 26 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა მიიღეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის შესახებ. ამ მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოფა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, აღნიშნული საგანმანათლებლო მიმართულებების გაერთიანების გზით ჩამოყალიბდება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ახალი ფაკულტეტის შექმნასა და ფუქნციონირებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება.  
 „მეცნიერების ეს ორი დარგი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით საჭიროებს დახმარებას, რადგან ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორები არა ერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ცალკე ფაკულტეტზე მოღვაწეობას. რაც შეეხება   პედაგოგიკას - ამ პროფილის ადრე არსებული ინსტიტუტები ყველა უნივერსიტეტებად გადაკეთდა და ამ მიმართულებამ სახელმწიფოს მხრიდან ტრადიციული მხარდაჭერა დაკარგა. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი გაძლიერება, რაც ძველი ტრადიციების გაგრძელებითა და ახალი მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით მოხდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა საკითხი შევისწავლეთ. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ არც ერთ ხელოვნურ ცვლილებას არ განვახორციელებთ, თუ ის საზოგადოების მხრიდან შინაარსობრივად არ იქნება მხარდაჭერილი და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ახალი ფაკულტეტის შექმნას ერთხმად დაუჭირა მხარი თსუ აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. კონსულტაციები გავიარეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საიდანაც სრული მხარდაჭერა მივიღეთ,“- განაცხადა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების სკოლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1917 წლის შემოდგომაზე, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის ბინაში პროფესორთა საბჭოს პირველი წინასწარი სხდომა შედგა, გადაწყდა, რომ ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ერთი –სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი დაარსებულიყო, რომელსაც ექნებოდა 3 განყოფილება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჩამონათვალში თავიდანვე შედიოდა პედაგოგიკა. მეცნიერების ამ დარგს დამფუძნებლები დაარსებისთანავე გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამიტომ, 1919 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის საპედაგოგიო ინსტიტუტი დაარსდა, რომლის გამგედ პროფესორი დიმიტრი უზნაძე აირჩიეს.
სხვა დარგებთან ერთად უნივერსიტეტის პირველივე თაობის სტუდენტობა ფსიქოლოგიის მეცნიერებასაც სწავლობდა. პედაგოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფსიქოლოგიის სალექციო კურსს დიმიტრი უზნაძე კითხულობდა. მისი ინიციატივით 1923 წელს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა, ხოლო 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შემადგენლობით ფსიქოლოგთა საზოგადოებაც დაარსდა. უნივერსიტეტში შეიქმნა და დაიხვეწა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. უნივერსიტეტის კედლებში განვითარდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა.
უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დარგი ჯერ ისტორიის, შემდეგ იურიდიული, ხოლო ბოლოს ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტის შემადგენლობაში ვითარდებოდა. დამოუკიდებელი სახით ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1990 წელს დაფუძნდა. 2005 წლიდან ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან გაერთიანდა და მის ერთ–ერთ მიმართულებას წარმოადგენს.
პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამის „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ამ სასწავლო პროგრამის შემოღებით, უნივერსიტეტში დაბრუნდება დემოგრაფიის სწავლება, იწარმოებს ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც ქვეყნის წინსვლას წაადგება.“
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ გააკეთა განცხადება: „თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტების დეკანებს ორი მოადგილე ეყოლება - სასწავლო ნაწილში და სამეცნიერო ნაწილში. თავის დროზე, უნივერსიტეტის დამაარსებლებმა უნივერსიტეტი სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებად ჩამოაყალიბეს. ჩვენი პროფესურა საკმაოდ წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა, ფაკულტეტებზე სამეცნიერო საქმიანობით ვერ დავიკვეხნით. დეკანის ახალი მოადგილის დახმარებით, სამეცნიერო მუშაობას ხელი შეეწყობა და ყურადღება გამახვილდება.“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაფუძნდა. დღეისთვის უნივერსიტეტში 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2014 წლის ბოლოს კი უნივერსიტეტს ახალი –  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეემატება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.




Print

« იხ. ყველა სიახლე