ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „კონფერენციაზე ქართველი და გერმანელი ფიზიკოსები იმსჯელებენ მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე. კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი; მასზე გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი და გერმანელი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობის დაახლოებას და რაც მთავარია, ეს არ არის მარტო ჩვენი უნივერსიტეტის პროექტი: მასში ჩართული არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი პროექტი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის იქნება წარმატებული.“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. მისი თქმით, „კონფერენცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აღნიშნავენ 10 წლის ურთიერთთანამშრომლობის იუბილეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 10 წლის მანძილზე ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს ჩვენმა უნივერსიტეტებმა და გერმანელმა კოლეგებმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი ურთიერთობა არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდასაჭერი, რათა ეს ურთიერთობა გახდეს უფრო სისტემატური და გრძელვადიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენებთ მათი აქ ყოფნის პერიოდს; მოვამზადეთ უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც მოვაწერთ ხელს და ამით მხარს დავუჭერთ ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმის მუშაობას იულიხის ცენტრთან და გერმანიის სხვა კვლევით დაწესებულებებთან.“
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობის 10 წლისთავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის. იულიხის ცენტრი წარმოადგენს გერმანულ მხარეს ამ თანამშრომლობაში, სადაც ქართველ მეცნიერებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს წლებია უკვე საშუალება აქვთ კვლევები განავითარონ გერმანელ კოლეგებთან ერთად. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გლობალიზაციის პერიოდში მნიშვნელოვანია გლობალური ჯგუფები მუშაობდეს საერთაშორისო მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაზე; იმ პრობლემების, რომელზეც იულიხის კვლევითი მუშაობს,“- აღნიშნა იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა.
კონფერენციის გახსნაზე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნას, იულიხის ენერგიისა და კლიმატის ცენტრსა და ნეიტრონის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში ქართველ სტუდენტთა სტაჟირებას ითვალისწინებს.
სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვა-ნი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუ¬სელ-დორფის უნივერსიტეტებიდან.
პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად მისი ორგანიზატორები იყვნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა. ჩატარდა 2004 წელს და მისი თემატიკა ეხებოდა ჰადრონთა ფიზიკას. კონფერენცია აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული, გახდა ტრადიციული და ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი შეუშალა აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა.
2010 წელს კონფერენციის თემატური არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge connecting people and knowledge).
კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინასების წყალობით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს ასრულებენ იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში. ახლო მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისათვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მიცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.
წლევანდელ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ილიას უნივერსიტეტიც. კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. ამაზე მეტყველებს იულიხის კვლევითი ცენტრის 6 ინსტიტუტსა და რამოდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი მონაწილეობაც ამ კონფერენციაში. უკვე ორი წელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბონის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან. ამ თანამშრომლობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდი. ახლახანს თანამშრომლობას შემოუერთდა ზიგენის (გერმანია) უნივერსიტეტი.
კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.