ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტმა თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებისათვის გამართა სემინარი კონფლიქტის პრევენციის და მოგვარების საკითხებზე. სემინარი ჩაატარეს თსუ-ს სოციალურ პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა:
ნოდარ ბელქანიამ და
გუგული მაღრაძემ. სემინარზე განხილული იყო კონფლიქტის წარმოშობის მექანიზმები, კონფლიქტის ესკალაციის და დეესკალაციის ხელშემწყობი ფაქტორები, კონფლიქტის პრევენციის და ტრანსფორმაციის სხვადასხვა მეთოდები.
თსუ პროფესორის, პარლამენტის წევრის
გუგული მაღრაძის განცხადებით,
„მსგავსი სემინარები საშუალებას აძლევს სამხედროებს უფრო კარგად გააცნობიერონ ის სიტუაციები, რომელშიც შეიძლება ისინი მოხვდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; იცოდნენ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები; როგორ აუარონ გვერდი კონფლიქტის ესკალაციას, მოახდინონ კონფლიქტის დეესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ ისეთ ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის გაღვივებას და ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის შემცირებას. ამასთან, ეს ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა - კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევების ანალიზით გავამდიდრებთ ჩვენ თეორიულ ცოდნას. ამასთან ერთად, ჩვენი მიმართულების მაგისტრებსა და მომავალ მსმენელებს შორის დამყარდება ძალიან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები; ისინი ერთად გამართავენ დისკუსიებს, შეხვედრებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.“
„გარდა იმ განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილებისა, რომელსაც სერჟანტები ღებულობენ სამხედრო სამსახურში, აუცილებელია, რომ ჰქონდეთ თეორიული ცოდნაც -ურთიერთობა უნივერსიტეტთან, სხვადასხვა სასწავლებლებთან. ამ ადამიანებს გამოცდილება მიღებული აქვთ ერაყში , ავღანეთში, კოსოვოში და საინტერესოა მათი პრაქტიკული ცოდნის კავშირი და იმ საკითხებთან, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტრები თეორიულად სწავლობენ. ამდენად, ვფიქრობ მსგავსი სემინარები საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისთვის,“- აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, მაიორმა
ლაშა დავითაძემ.
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია კონფლიქტის ანალიზის და მართვის მიმართულების მაგისტრების და სერჟანტთა სკოლის მსმენელების მონაწილეობით.
სემინარში სერჟანტთა სკოლის 45 მსმენელი მონაწილეობდა. თავდაცვის სამინისტროსთან მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა სისტემატური ხასიათის იქნება და სემინარები ჩატარდება თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურებისათვისაც.