2009-03-31

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და მეთოდით. თსუ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს სამართლებრივ, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, მედიცინისა და სხვა სფეროებში. როგორც ბატონმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა “ეს თანამშრომლობა თსუ-ს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოს პატიმართა რესოციალიზაციის საკითხებში, ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც ღია ხდება სასჯელასრულების დაწესებულებები საზოგადოებისათვის და ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

20 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდა . მან საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე ისუბრა. ნიკა გილაურმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ძირითადად სიახლეებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას შესთავაზა. სტუდენტთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახალი ინიციატივა: იმ ახალგაზრდას, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 35 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტი გახდება, სახელმწიფო მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პროგრამა, რომელიც 4 ძირითად სამეცნიერო მიმართულებას _ ბიზნესს, იურისპრუდენციას, საბუნებისმეტყველო დარგებსა და სოციალურ დისციპლინებს შეეხება.
Print

« იხ. ყველა სიახლე