2018-12-24
აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების ფუძემდებლის,
აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო
კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში.
კონფერენციაში თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ნანა გაფრინდაშვილი, მკვლევრები, პროფესორები სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სამეცნიერო
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები; გაიმართა სერგი ჯიქიას
პირადი ნივთების, ხელნაწერების, წერილების, წიგნების, ფოტოარქივის
გამოფენა; მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის
პატრიარქი“ (ავტორი - ეკა ტალახაძე) დემონსტრირება.
ქართული
თურქოლოგიის ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი სერგი ჯიქია 1919 წელს ჩაირიცხა
თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის
სპეციალობაზე, ხოლო მეორე კურსიდან სწავლა განაგრძო ენათმეცნიერების
სპეციალობაზე. 1926 წელს აკაკი შანიძემ იგი უნივერსიტეტში დატოვა თურქული
ფილოლოგიის დარგში პროფესორობისთვის მოსამზადებლად. სერგი ჯიქია იყო
პირველი დიალექტოლოგი, თურქულ-ქართულ ენათა ურთიერთობების პირველი
მკვლევარი, თურქული წყაროთმცოდნეობის პირველი მასწავლებელი, ისტორიული
დოკუმენტების პირველი კომენტატორი და გამომცემელი, თურქული ენის,
ფოლკლორის, ლიტერატურის ისტორიისა და ოსმალური ენის პირველი მასწავლებელი
და ამ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა თაობების პირველი ხელმძღვანელი; მან
სახელი მოიხვეჭა საერთაშორისო თურქოლოგიაში როგორც ფაქტიურად ახალი დარგის -
დევთეროლოგიის შემქმნელმა, რომელიც მნიშვნელოვან სამეცნიერო დისციპლინად
ჩამოყალიბდა. ამ დისციპლინას სათავე დაუდო ს. ჯიქიას ფუნდამენტურმა
სამტომიანმა გამოკვლევამ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდმა დავთარმა“, რომელიც
xvı საუკუნის ოსმალური ისტორიული საბუთის ანალიზს ეძღვნება. იგი საეტაპო
ნაშრომია ონომასტიკაში. სერგი ჯიქიამ შეადგინა პირველი „თურქული ენის
ქრესტომათია“, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება. ასევე ფასდაუდებელია
მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შედგენილი „თურქულ-ქართული
ლექსიკონი“.
ღონისძიების
ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის
მიმართულება.
« იხ. ყველა სიახლე