2014-05-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობის სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისკენ. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალებით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს და სხვა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ აცნობა. ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიას მიიღებს სწავლასა და სამეცნიერო კვლევებში წარმატებული სამივე საფეხურის თითო სტუდენტი. პირველი სტიპენდია მიმდინარე სასწავლო წელს გაიცემა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ცხოვრებაში უნივერსიტეტისა და სტუდენტობის ჩართვაზე ისაუბრა. „სრულად მესმის ის როლი, რომელსაც უნივერსიტეტი თმაშობს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. როცა ვიყურებით იმ მიზნებისკენ, ის ბურჯი, რომელზეც ქვეყნის მომავალი უნდა აიგოს, არის უნივერსიტეტი, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი. ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესება მნიშვნელოვანია, რადგან ზვიად გამსახურდია იყო სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, რომელიც იმ სფეროში მოღვაწეობდა, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენი იდენტობის განსაზღვრას,“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ხელმოწერილ მემორანდუმზე. რექტორის განცხადებით, „თსუ-სა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, რათა დაეუფლონ ახალ უნარებს, განვითარდნენ პროფესიული კუთხით.“

Print

« იხ. ყველა სიახლე