2010-03-12

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის გაიხსნა

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.  იაპონიის მთავრობის კულტურული გრანტის ფარგლებში ცენტრს იაპონური ენის შესწავლის აპარატურა გადაეცა. ოფიციალურ ცერემონიალს იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრნენ.
     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს აქტიური თანამშრომლობით, იაპონიისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით, სახელმწიფო უნივერსიტეტი იაპონიის კულტურული გრანტის პროექტის ბენეფიციარი გახდა. 2009 წლის 12 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა თსუ-ში იაპონური ენის სწავლებისათვის კულტურული გრანტის გამოყოფას. იაპონური კულტურული გრანტი საერთო ჯამში სამ მილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს ნახევარი მილიონი დოლარის ტექნიკური აღჭურვილობა და 200.000 ამერიკული დოლარის ღირებულების სახელმძღვანელოები გადაეცა.
     „მე იმედი მაქვს, რომ ამ ცენტრში ბევრი სტუდენტი გაიღრმავებს ცოდნას. მათ შესაძლებლობა ეძლევათ იაპონურ კულტურას გაეცნონ და საფუძვლიანად შეისწავლონ იაპონური ენა. ამ გრანტის წყაროს წარმოადგენს იაპონელი ხალხი, რომელთა დახმარებით დღეს ეს ცენტრი გაიხსნა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ხიდი უფრო გამყარდა”, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში მასაიოში კამოჰარამ.
     პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი ჯაბა მესხიშვილი იაპონიის განათლების სამინისტროს დაფინანსებით ორი წლით იაპონიაში მიემგზავრება. ჯაბა მესხიშვილი მაგისტრის ხარისხს კობეს უნივერსიტეტში მიიღებს.







თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე