ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ ემიგრანტთა დღის აღსანიშნავად გამოფენა „
ქართველები მეორე მსოფლიო ომში (ემიგრაციის მეორე ტალღა)” გაიმართა. გამოფენა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ და შემდეგ ემიგრაციაში დარჩენილ ქართველ მამულიშვილებს ეძღვნებოდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ემიგრანტთა ფოტოები და ხელნაწერები, ომისდროინდელი ქართული ემიგრანტული გამოცემები (გაზეთი ”საქართველო”, ჟურნალი ”ქართველი ერი”).
„დღეს გახლავთ ქართველს ემიგრანტთა დღე, ეს დღე ჩვენ გასულ წელს დავაწესეთ, იმედი მაქვს ამ დღესთან დაკავშირებით მომავალშიც მოეწყობა გამოფენები და სამეცნიერო კონფერენციებიც გაიმართება. ეს ადამიანები მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იღწვოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა დავაფასოთ მათი ღვაწლი, თავგანწირვა, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა და მათი ფოტოების, ხელნაწერებისა და სხვადასხვა ნივთების გამოფენით ვეცადეთ პატივი მიგვეგო მათთვის“,- აღნიშნა თსუ ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა
რუსუდან კობახიძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დღე, რომელიც მიეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, დიასპორას. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ისინი არ უნდა იყვნენ გარიყულები, ვინაიდან ემიგრანტები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილია“,- განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში
კოტე სურგულაძემ.
ქართველ ემიგრანტთა დღე 2013 წლის 25 ივნისს დაწესდა. ყოველ წელს, 25 ივნისს გადაიხდება პანაშვიდი გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტთა სულის მოსახსენიებლად, ხოლო საუნივერსიტეტო სივრცეში გაიხსნება თემატური გამოფენები და სამეცნიერო კონფერენციები.