ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-29

მიხაკო წერეთლის ხელნაწერთა გამოფენა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავებში  დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსისა  და საზოგადო მოღვაწის მიხაკო  წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი აღმოაჩინეს. 29 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელნაწერები, რომელთა უმეტესობა უცნობია მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
პრესკონფერენციაზე აღმოჩენილ ხელნაწერთა მნიშვნელობაზე, საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე და მეცნიერები ესწრებოდნენ.
„ბიბლიოთეკას არ ეხება აღმოჩენილი ხელნაწერების შესწავლა აკადემიური თვალსაზრისით, ამიტომ ლევან გორდეზიანმა, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისმა თანამშრომელებმა და სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება და განხორციელდება დოკუმენტების  შესწავლა. 2018 წელს უნივერსიტეტს უსრულდება 100 წელი, ჩვენ ამ თარიღისთვის ვაპირებთ გამოვცეთ სერია - „უნივერსიტეტის კლასიკა“ და ამ სერიაში აუცილებლად მოხვდება ამ ხელნაწერიდან ის, რომელსაც გადაწყვეტენ და დაამუშავებენ,“- განაცხატა თსუ რექტორის მოადგილემ
სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის "შუმერული და ქართული" გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.

Print

« იხ. ყველა სიახლე