„ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“- ამ დასახელების ვორქშოპი გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელსაც თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი
დავით ლორთქიფანიძე დაესწრნენ. ვორქშოპის თემა იყო „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.
„იტალიას კულტურული მემკვიდრეობის მართვის და ტექნოლოგიის ინტეგრაციის განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთსაა შერწყმული მაღალი ტექნოლოგია და ესთეტიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოვადგინოთ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობა,“- აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა
დავით ლორთქიფანიძემ.
„ძალიან საინტერესო მოხსენებებია - ინოვაციების შეხვედრა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ეს მიმართულება ახლა ვითარდება ჩვენ ორ ინსტიტუციას - თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის. ტექნოლოგიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის,“- განაცხადა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
ვორქშოპები გამართეს ცნობილმა იტალიელმა მეცნიერებმა
მარკო კაპელინიმ,
ჯორჯო ჯენტამ,
რენატო საპორიტომ,
ლაურა ლონგომ და
რობერტო სკოპინიომ. იტალიელმა სპეციალისტებმა ქართველ მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ვირტუალურ და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს მუზეუმების მოწყობაში. ახალი ტექნოლოგიები ეხმარება დამთვალიერებლებს, უკეთ აღიქვან ხელოვნების ნიმუშების კულტურული და ესთეტიკური ღირებულებები.
„კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინების საქმეში ახალი ტექნოლოგიების ჩართვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, ჯერ ერთი, მოიზიდონ უფრო მეტი მნახველი და, ამავე დროს, გააახალგაზრდავონ მნახველთა ასაკი; მეორე - ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და კვლევას. იტალიაში კერძო კომპანიებმა, სახელმწიფო ინსტიტუციებმა დანერგეს ახალი ტექნოლოგიები კულტურის უკეთ და უფრო ფართოდ წარმოსადგენად. ტურიზმი საქართველოსთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს სიმდიდრის წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში
ანტონიო ბარტოლიმ.
ვორქშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე იტალიის მეცნიერების დღის ფარგლებში ჩატარდა.