ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია განათლების საერთაშორისო ფორუმზე საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში იმარჯვებს. გასული წლის მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის.
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენაში „ექსპო-ჯორჯიაში“
14-15 თებერვალს გაიმართა.
ფორუმზე მოსულ ყველა დამთვალიერებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტების და სასწავლო პროგრამების შესახებ. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია ფაკულტეტების დეკანებმა, ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე სასწავლო პროცესის მართვისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს. დარიგდა ბუკლეტები და საგაზეთო ჩანართი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
გამოფენას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და უნივესიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განათლების გამოფენაზე თსუ წარმოდგენილი იყო განსხვავებული კონცეფციით, რომელიც ასახავს უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიას და თანამედროვეობას. უნივერსიტეტის სლოგანი კვლავ აერთიანებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს და მოუწოდებს მომავალ თაობას “იარე ჩვენთან ერთად“.
კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ასევე ფაკულტეტებზე არსებობს სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 201 საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა 14-15 თებერვალს გაიმართება. ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში 110 ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობენ საგანმანათლებლო ორგანიზაციები: უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები საქართველოდან და უცხოეთიდან (აშშ; დიდი ბრიტანეთი; იტალია; ბულგარეთი; არაბთა გაერთიანებული საემიროები; სომხეთი; თურქეთი; პოლონეთი; ესტონეთი; ჰოლანდია; ლატვია; რუსეთი; ლიტვა).