2014-02-12

საიუბილეო ფოტოპროექტი „მე - უნივერსიტეტი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო ფოტოპროექტის „მე - უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
„პროექტი ცნობილი სახეების  მეშვეობით ასახავს უნივერსიტეტის გუშინდელ დღეს, აწმყოს და მის მომავალს. აქ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ უნივერსიტეტის ტრადიციას, რომლებიც ამჟამად ასწავლიან უნივერსიტეტში და ადამიანები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში“ - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„არაჩვეულებრივი გამოფენაა, უამრავი ნაცნობი სახე ვნახე, მათ შორის ჩემთვის საყვარელი პროფესორ-მასწავლებლები, ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ყველა უნივერსიტეტელს ამ დღეს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
პროექტი მოიცავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული უნივერსიტეტელების პორტრეტებს, ალბომს, რომელიც ფოტოებთან ერთად მოგონებებსაც აერთიანებს და ვიდეორგოლს, რომელშიც პროექტის მონაწილეები უნივერსიტეტის მიმართ თავიანთ ემოციებზე საუბრობენ.
ფოტოპროექტი „მე - უნივერსიტეტი“ გასულ წელს დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა. 95 პორტრეტის ავტორი ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილია, რომელიც პროექტზე მუშაობის პერიოდს შემდეგნაირად აფასებს: „პროექტზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო მისი მრავალფეროვნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, პორტრეტებს უნდა გადმოეცათ ემოცია, ხასიათი, ვფიქრობ წარმატებით გავართვით თავი ჩანაფიქრს და ვამაყობ, რომ ამ პროექტის გუნდის წევრი ვარ“.
პროექტისთვის წარმატებული უნივერსიტეტელის შერჩევაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს შეეძლო. თითოეულ მსურველს უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე არსებულ ონლაინ გამოკითხვაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სამი წარმატებული უნივერსიტეტელი უნდა დაესახელებინა. შედეგად პროექტმა სხვადასხვა ასაკის, საქმინაობისა და სტატუსის ადამიანი მოიცვა. მათ შორის უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ უნივერსიტეტელები ვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა“, - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, უნივერსიტეტის პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ.
ღონისძიების გამართვის თარიღი სიმბოლურია, 1918 წლის 12 თებერვალს, ძველი სტილით 30 იანვარს, უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაიმართა. პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი სასწავლო დღე უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნება.

                              

Print

« იხ. ყველა სიახლე