ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-24

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნა მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.“
ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირმა რატიანის განცხადებით, „ ამ კონფერენციამ უკვე სერიოზული საერთაშორისო და ლოკალური ავტორიტეტი მოიპოვა. არა მარტო მეცნიერებს, არამედ საკუთარი ეროვნული კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან აღელვებთ დღეს თავისი ეროვნული კულტურისა და ლიტერატურის ბედი მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში. ეს სიმპოზიუმი ყოველწლიურად იმართება და ძალიან მიხარია, რომ წლიდან წლამდე მატულობს მონაწილეთა რიცხვი და ამ კონფერენციისადმი ნდობა.“
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპოზიუმი ტარდება. დიდია ინტერესი იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც ამ კონფერენიაზე განიხილება. სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. გარდა იმისა, რომ უამრავი კონტაქტები მოდის სამეცნიერო ხაზით, ასევე ყალიბდება ძალიან კარგი ქსელური ურთიერთობები მეცნიერებს შორის და მათ საშუალება აქვთ წლის განმავლობაში იმუშაონ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც წარმოადგენს ერთობლივ ინტერესს,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
სიმპოზიუმის თემაა „ ნაციონალური  ლიტერატურები და კულტურული  გლობალიზაციის პროცესი."  სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:  გლობალიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პრობლემა; ნაციონალური ლიტერატურული კანონი და კულტურული გლობალიზაციის მექანიზმები; Weltliteratur და ნაციონალური ლიტერატურების საკითხი; ლიტერატურა საზღვრებს გარეშე? – Pro et Contra. გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „თარგმანის კომუნიკაციური ფუნქცია კულტურული გლობალიზაციის პროცესში.“
სიმპოზიუმში მონაწილეობს 139 მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 19 ქვეყანა) მათ შორის: აშშ, უნგეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია ,ლიტვა, ლატვია უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაკედონია, სლოვენია, ირანი, თურქეთი, კატარი, ყაზახეთი.  აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, თელავიდან.
სემინარი შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და 27 სექტემბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე