2014-02-08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 96 წლის იუბილე

8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საიუბილეო ღონისძიებებს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ერთად თსუ პირველი კორპუსის ფოიეში ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული თსუ-ს დამფუძნებლების - ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ბიუსტები გახსნა და დაათვალიერა გამოფენა სახელწოდებით „ უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები“.
უნივერსიტეტის დაარსების 96-ე წლისთავს მიეძღვნა თსუ ბიბლიოთეკის საგანძურში დაცული იშვიათი გამოცემების გამოფენაც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ძველი ქართული, ევროპული, რუსული, სომხური და სპარსული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. აღნიშნული გამოფენა უნივერსიტეტში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 96 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტის მედალი გადაეცა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, საქართველოსთვის, მისი ისტორიისთვის, დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის დავით აღმაშენებელი  იყო განსაკუთრებული მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა და დააყენა დიდების გზაზე.
„სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა სწორედ ეს დღე, 8 თებერვალი აირჩიეს უნივერსიტეტის დაარსებისთვის, რაც სიმბოლურია. სწორედ უნივერსიტეტი უნდა განასახიერებდეს საქართველოს მომავალს, მის წინსვლას იმიტომ, რომ აქ ხდება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა, რომელმაც ხვალ უნდა ჩაიბაროს ქვეყნის სადავეები. ჩვენთვის, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს სწავლის დონე, გაძლიერდეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. საუნივერსიტეტო საქმიანობა, მთლიანად ქართული საზოგადოება და ჩვენი სტუდენტობა არის ერთიან საქმეში ჩართული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქნება წარმატება. ყველა უნივერსიტეტელს და ასეთი საქართველოში ძალზე ბევრი ადამიანია, ვულოცავ უნივერსიტეტის დაბადების დღეს“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების 96 წლისთავი მიულოცა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს, ერისა და ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის. ყველამ ვიცით, რომ ეს არის მეცნიერების, ახალგაზრდების კერა. მაგრამ, ამას გარდა, ეს არის როგორც მენტალური, ისე მორალური ჩამოყალიბების ადგილი. ეს უნივერსიტეტი ასრულებდა და კვლავაც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის იდენტობის დადგენის პროცესში. ამ კედლებთან მე ბევრი ისეთი რამ მაკავშირებს, როგორიც მეცნიერებასთან და სხვა ღირებულებებთან ზიარებას შეეხება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
რექტორმა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღესვე  ყვავილებით შეამკეს თსუ პანთეონში უნივესრიტეტის დამფუძნებლების საფლავები და მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. უნივერსიტეტმა, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით დღესაც უდიდესი საგანმანათლებლო კერაა საქართველოში. დღეისათვის თსუ–ის 6 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.


Print

« იხ. ყველა სიახლე